|
1 წლის და 3-4 თვის ბავშვი
ფოტო: ოთო, 1 წლის და 4 თვის;
გამოგვიგზავნეთ თქვენი შვილების ფოტოები: info@babyinfo.ge
მოძრაობა: პატარა დადის დამოუკიდებლად – ფართოდ გაშლილი ფეხებით და აწეული ხელებით. ზოგიერთი მათგანი უფროსების დახმარებით კიბეზეც ადის და შესაძლოა ჩამოდის. თუმცა ფეხზე მყარად ჯერ ვერ დგას. ძლიერ დაეხმარებით თქვენს პატარას თუ მოძრაობისთვის უსაფრთხო გარემოს შეუქმნით, და საშუალებას მისცემთ, რომ განსხვავებულ გარემოში იმოძრაოს. გაიყვანეთ ეზოში, საბავშვო ატრაქციონებზე, კიბეებზე და ეცადეთ მიიღოს სიარულის სხვადასხვა “გაკვეთილები”, ისწავლოს მრავალფეროვანი წინააღმდეგობების გადალახვა.
საუბარი: საუბრობს ინტონაციებით, რომ გაგრძნობინოთ შეკითხვას სვამს თუ უბრალოდ მოგითხრობთ, აქტიურად იყენებს ჟესტებს. იცის რამდენიმე სიტყვა.
თამაში: თამაშობს მარტო და ცოტა ხნით თავის შექცევაც შეუძლია ასე. შეუძლია ფურცელზე ფანქრებით ხაზების გავლება. უყვარს დიდი, სატარებელი სათამაშოები და მოხიბლულია თქვენი ნივთებით. გამოუყავით სათამაშოდ ძველი ჩანთა და ის ნივთები, რომლებსაც არ იყენებთ და მისთვის უსაფრთხოა. კარგი დროა იმისთვის, რომ შეაყვაროთ კითხვა. ერთად ათვალიერეთ წიგნები, უამბეთ და უკითხეთ მათში დაწერილი ისტორიები.
კვება: ამ ასაკის ბავშვების უმეტესობა საკმაოდ პრეტენზიულია კვებასთან მიმართებაში. ჩვეულებრივ მათ ერთი და იგივე საკვები მოსწონთ და ძნელად თუ გაუსინჯავენ სხვა რამეს გემოს. ახალი საკვები რომ შეაყვაროთ დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ, ეცადეთ რომ რამდენჯერმე სხვადასხვა დღეებში შესთავაზოთ ახალი კერძი. ამ შეთავაზებების პროცესში საჭმელი უკვე მისთვის უჩვეულო არ იქნება და დაგთანხმდებათ. ეცადეთ რომ ჯანსაღად კვებოთ და ნაკლებად გადამუშავებული საკვები მისცეთ. მიეცით ყოველდღიურად 350-500 მლ რძე და ცოტაოდენი ყველი.
ძილი: შესაძლოა თქვენი პატარა ღამით ისევ იღვიძებს და თქვენც გაღვიძებთ. თუ ღამით ერთსა და იმავე დროს ეღვიძება, მაშინ 15 წუთით ადრე სპეციალურად გააღვიძეთ და შემდეგ დააძინეთ. ამით შესაძლოა გადაეჩვიოს გაღვიძებას. თუმცა ჯერ გაარკვიეთ მიზეზები, თუ რატომ ეღვიძება პატარას ღამით.
კბილები: 15 თვის ასაკიდან შესაძლოა პატარას საძირე კბილების კვეთა დაეწყოს. ეს კბილები დიდი ზომისაა და მათი ამოსვლა საკმაოდ ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესია. ღრძილების მსუბუქი მასაჟი პატარას ტკივილს დაუამებს. ნუ გაგიკვირდებათ თუ ამ პერიოდში ჭამის მადა დაუქვეითდება და უხასიათოდ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ კბილები ჯერ არ ამოსვლია, შეგიძლიათ მათ გახეხვას აქედანვე მიაჩვიოთ. შესაძლოა ეს პროცესი არ მოეწონოს, მაგრამ აყურებინეთ როგორ იხეხავთ კბილებს, უყიდეთ კბილის ჯაგრისი და ისიც ეცდება რომ იგივე გაიმეოროს. განსაკუთრებით შეაქეთ და წაახალისეთ თუ თქვენ დაგრთოთ მისთვის კბილები გახეხვის ნება.