|
1 წლის და 7-8 თვის ბავშვი
ფოტო: სანი, 1 წლის და 8 თვის
გამოგვიგზავნეთ თქვენი შვილების ფოტოები: info@babyinfo.ge
მოძრაობა: სავარაუდოდ თქვენი პატარა უკვე გამართულად დადის და წონასწორობასაც თავისუფლად იცავს. დახტის და დარბის, მაგრამ სირბილისას ნავიგაცია ჯერ-ჯერობით უჭირს, ამიტომაც ავეჯს ან სხვა ნივთებს ეჯახება.
კვება: მტკივნეულ საკითხად რჩება ბავშვის კვება. ძნელია აიძულოთ ჭამაზე კონცენტრაცია, ამიტომ მაქსიმალურად დააინტერესეთ საკვებით და მისთვის საინტერესო ფორმით მიაწოდეთ. მაგალითად ჩასაწებლები გაუმზადეთ, ხილი და ქიშმიში მოსწონს, ასევე უცნაურ ფორმებად დაჭრილი საკვები. თუ ფიქრობთ, რომ საკმარისი რაოდენობით არ იღებს სასარგებლო ნივთიერებებს აუცილებლად დაელაპარაკეთ ექიმს და ერთობლივად შეურჩიეთ ვიტამინები. უმჯობესი იქნება თუ სასარგებლო ნივთიერებებსა და ვიტამინებს საკვების სახით მიიღებს, მაგრამ სხვა შემთხვევაში ტაბლეტების ფორმითაც დასაშვებია რომ მისცეთ.
მეტყველება: მისი საუბარი სულ უფრო გასაგები ხდება და ახლა გამონათქვამების ნახევარს თავისუფლად მიუხვდებით. მას ასევე ესმის რასაც ამბობს და მიგანიშნებთ იმ სიტყვების აღმნიშვნელ საგნებზე, რომლებიც გაიგონა. შესაძლოა ამ ასაკში ბავშვი ჯერ არ მეტყველებდეს. ამ შემთხვევაში მაქსიმალურად წაახალისეთ ზარმაცი პატარა და ბევრი ესაუბრეთ. მიეცით კომუნიკაციის შესაძლებლობა. დაუსვით კითხვები და დაელოდეთ მის პასუხს, ასე გამოითხოვთ პასუხს. როდესაც ამ პასუხს მიიღებთ, აუცილებლად მოახდინეთ მასზე რეაგირება, აგრძნობინეთ რომ უსმენთ და მის პასუხს ითვალისწინებთ. ამით ლაპარაკის ინტერესს გაუჩენთ და გაუღვივებთ. ამჟამად ნუ მიაქცევთ ყურადღებას მისი გამოთქმის ნაკლოვანებებს.
შეამჩნევდით, რომ ის ახლა მეტად ჯიუტობს ვიდრე ადრე. ეს მის მზარდ დამოუკიდებლობის შეგრძნებაზე მიანიშნებს. დაუთმეთ ხოლმე, განსაკუთრებით წვრილმანებში და ხშირად ნუ ეტყვით უარს, რომ ამით სიტყვა “არა” არ გაუფასურდეს. გამოიჩინეთ სიმტკიცე ისეთ საკითხებში, რომელიც მის უსაფრთხოებას ეხება.
ეცადეთ მისთვის არასასურველი პროცედურა თამაშად მიაწოდოთ. მაგალითად თუ თავის დაბანა არ უყვარს ასწავლეთ როგორ გააკეთოს აქაფებული თმებით სასაცილო ფიგურები და სარკეში აჩვენეთ მისი შედევრები. აუცილებლად მოეწონება.